საქართველოს აეროპორტების გაერთიანება


ევროპის საერთაშორისო აეროპორტების საბჭოს (ACI) გენერალური დირექტორის ვიზიტი საქართველოში ორშაბათი, 22 SEPTEMBER 2014 18:30 | News

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით, 2014 წლის 22 სექტემბერს  თბილისს ევროპის საერთაშორისო აეროპორტების საბჭოს (ACI) გენერალური დირექტორი ოლივიერ იანკოვიჩი ეწვია.

ბატონი ოლივერი სამუშაო შეხვედრებს გამართავს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილესთან ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილთან და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან ქალბატონ ქეთევან ალექსიძესთან. ოლივერ იანკოვიჩი ვიზიტის განმავლობაში ასევე შეხვდება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საქაერონავიგაციასა და “ტავ ჯორჯია“ -ს ხელმძღვანელობას. 2014 წლის 23 ოქტომბერს, 15:00 საათზე სასტუმრო თბილისი მარიოტში დაგეგმილია შეხვედრა ავიაციის წარმომადგენლებთან, სადაც ბატონი იანკოვიჩი გამართავს პრეზენტაციას.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ევროპის საერთაშორისო აეროპორტების საბჭოში (ACI) 2013 წლის ოქტომბერში გაწევრიანდა. ევროპის საერთაშორისო აეროპორტების საბჭოში გაწევრიანება აეროპორტებს ეფექტიანი კომუნიკაციისა და ერთიანი სისტემის საშუალებით ევროპის სხვადასხვა აეროპორტებთან თანამშრომლობაში უწყობს ხელს. ACI, როგორც ერთ-ერთი ავიაციის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, აქტიურად არის ჩართული ევრორეგულაციების შემუშავებასა და დანერგვაში, რაც აეროპორტებს საშუალებას აძლევს,  აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესში. ACI Europe-ის  წევრია ევროპის 44 ქვეყნის 450-ზე მეტი აეროპორტი. მათი ფრენები ევროპის მთლიანი ფრენების 90%-ე მეტს შეადგენს, რაც წლიურად, დაახლოებით, 1,500,000,000 მგზავრს უტოლდება.