საქართველოს აეროპორტების გაერთიანება


ქუთაისი-ბუდაპეშტის ავიარეისი გაიხსნა ოთხშაბათი, 01 OCTOBER 2014 10:06 | News

30 სექტემბერს ავაიაკომპანია Wizz Air-ი ბუდაპეშტიდან  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი ავიარეისი შეასრულა

ავაიაკომპანია Wizz Air-მა ბუდაპეშტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ავიარეისების შესრულება დაიწყო. ავიარეისის გახსნას დაესწრნენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძე, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია, ქუთაისის ვიცე-მერი კოტე ქავთარაძე და ავიაციის სფეროს წარმომადგენლები.

Wizz Air პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისების შესრულება 2012 წელს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის დღეს დაიწყო. პირველი ავიარეისი Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევის მიმართულებით შეასრულა, რასაც მოჰყვა ვარშავა, კატოვიცე, ლვოვი, ხარკოვი, დონეცკი, ვილნიუსი, მოსკოვი, თელავივი სხვადასხვა ავიაკომპანიების შესრულებით.

2014 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ქუთასის საერთაშორისო აეროპორტი უკვე 178.574 მგზავრს მოემსახურა, ხოლო 2013 წელს აეროპორტით188.682 მგზავრმა ისარგებლა.

ამავე დღეს, ახალი ავიარეისის გახსნასთან ერთად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირების ორ წელს  აღნიშნავს. ამჟამად აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია (Wizz Air, S7, Ural Airways, Belavia, Georgian Airways) ახორციელებს ავიარეისებს. 2012 წლიდან დღემდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 380.172 მგზავრს მოემსახურა.

Wizz Air ქუთაისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და პარასკევს იფრენს.