საქართველოს აეროპორტების გაერთიანება


საქართველოს ავიაბაზარზე AUSTRIAN AIRLINES-ი შემოდის ხუთშაბათი, 21 DECEMBER 2023 12:03 | News

საქართველოს ავიაბაზარზე  AUSTRIAN AIRLINES-ი შემოდის

2024 წლის მაისიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას AUSTRIAN AIRLINES დაიწყებს. ავიაკომპანია ვენა-თბილისი-ვენას მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის  ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, უკვე ვხედავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პირველ შედეგებს, რამაც  ხელი შეუწყო მთელი წლის განმავლობაში ავსტრიის ავიახაზებთან მოლაპარაკების საბოლოო ეტაპის წარმატებით  დასრულებას.

,,მოხარულები ვართ, რომ 2023 წელს მოგზაურებისთვის კიდევ ერთი პოზიტიური სიახლით ვასრულებთ. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ავსტრიის ავიახაზებთან, რასაც ხელი შეუწყო ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სატატუსის მოპოვებამ. ავსტრიის ავიახაზები სიახლეა ქართული ავიაბაზრისთვის. ავსტრია არის ერთ-ერთი  მოთხოვნადი ბაზარი ჩვენთვის, როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის. მხოლოდ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოს აეროპორტებმა პირდაპირი საჰაერო გზით ვენიდან 68,021 მგზავრი მიიღო. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი აეროპორტების დივერსიფიკაციასა და მგზავრების სეგმენტაციაზე.  AUSTRIAN AIRLINES-ი, Georgian Airways-ისა და Wizz Air-ის შემდეგ მესამე ავიაკომპანია იქნება, რომელიც საქართველოსა და ავსტრიის დედაქალაქებს პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირებს. ავიაბილეთების გაყიდვა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.austrian.com) დღეიდან ხელმისაწვდომია,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

1957 წელს დაფუძნებული AUSTRIAN AIRLINES-ი ავსტრიის ოფიციალური გადამყვანია და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 120 მიმართულებით ასრულებს. მის შემადგენლობაში 65 საჰაერო ხომალდია, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის ხომალდებს წარმოადგენს.