საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

სიახლეები
PDF ბეჭდვა ელფოსტა

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსი გამოაცხადა

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი ტერმინალის სრული საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით  სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იწვევს ყველა დაინტერესებულ კონკურსანტს, რომელსაც პროექტირების სფეროში ბოლო 4 წლიანი გამოცდილება აქვს. ამასთანავე, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მომზადებული  2000 მ2 მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის მინიმუმ ერთი არქიტექტურული საპროექტო დოკუმენტაცია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც ქართულ ისე უცხოურ კომპანიებს. დაინტერესებულ პირებს წინადადების წარმოსადგენად 45 დღიანი ვადა ეძლევათ.

ტექნიკური დავალების თანახმად, ტერმინალის  სავარაუდო საერთო ფართი უნდა შეადგენდეს 800 -900 მ2 და გათვლილი უნდა იყოს ერთდროულად  100 მგზავრის მომსახურებაზე. ასევე დასაპროექტებელია ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც დაახლოებით  5000 მ2 ფართზე, სადაც განთავსებული უნდა იყოს 30 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი.

კონკურსის დეტალური პირობების, Ⴑაუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი ხარისხის შეფასების კრიტერიუმების ხილვა ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯარო და ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე.

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=562112&lang=ge

პროექტი უნდა  მომზადდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 თვის ვადაში, რაც მოიცავს ასევე  საექსპერტო დასკვნის წარდგენის ვადას.

 

 

 

 

 

 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება თურქულმა ავიაკომპანია Pegasus-მა დაიწყო.

ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა და ქუთაისის აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში სამი სიხშირით განხორციელდება. PEGASUS-მა პირველი რეისი სტამბოლიდან გვიან ღამით Boeing 737 შეასრულა და ქუთაისში 142 მგზავრი ჩამოიყვანა. ოფიციალურ მიღებას ქუთაისის აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ავიაკომპანიის, ტურისტული კომპანია GASA-ს წარმომადგენლები და DMO იმერეთის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ დევიძე დაესწრნენ.

,,სტამბოლი ახალი მიმართულებაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მგზავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველივე რეისზე მაღალი დატვირთულობა გამოიკვეთა.იმედი გვაქვს, რომ ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის კუთხით ისტორიულ ნიშნულს მიაღწია, წელს ჩვენ მილიონი მგზავრი უკვე მივიღეთ და წლის ბოლომდე მილიონ 700 ათასამდე მგზავრის მომსახურებას ვგეგმავთ,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების კომერციული დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან მჭედლიშვილმა.

ახალ ავიაკომპანიასთან დაკავშირებით პირველ საინაუგურაციო რეისს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ტრადიციული წყლის ჭავლით, ე.წ. Water Salute-ით მიესალმნენ, პირველ მგზავრებს კი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

 

 

 

 

 

 

 

ირაკლი ქარქაშაძე: აპრილში გვექნება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების 20 წლიანი გეგმა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) მოწვევით საქართველოში   საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს ექსპერტები იმყოფებიან, რომლებმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობა დაიწყეს.

IATA-ს საკონსულტაციო ჯგუფმა დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ტერმინალი და სააეროდრომო ნაწილი დაათვალიერეს და არსებული პოტენციალი და შესაძლებლობები ადგილზე შეისწავლეს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, IATA-ს საკონსულტაციო ჯგუფი ორი დღის განმავლობაში, ქუთაისის  აეროპორტის შესაბამის სამსახურებთან  ერთად გენერალური განვითარების გეგმისათვის საჭირო პროცედურებს და დოკუმენტაციას ადგილზე შეისწავლიან.

,,ჩვენ IATA-ს საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლებს დეტალურად დავათვალიერებინეთ ქუთაისის აეროპორტის არსებული ინფრასტრუქტურა, მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც საჭირო იყო მგზავრების მომსახურების მიმართულებით. სამუშაო პროცესი დაახლოებით 6 თვეს გასტანს და აპრილში გვექნება ქუთაისის აეროპორტის განვითარების 20 წლიანი გეგმა, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ სად და როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი აეროპორტი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც IATA-ს მასშტაბის ორგანიზაცია დეტალური დოკუმენტაციის შემუშავებისთვის არის მოწვეული საქართველოში,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

IATA-ს წარმომადგენლები მომდევნო 6 თვის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმას მოამზადებენ. რაც  გულისხმობს აეროპორტის მასტერპლანის მომზადებას 20-წლიან პერსპექტივაში. მასტერპლანი არის უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მსოფლიოში ყველა აეროპორტს უნდა გააჩნდეს და მასზე ძირითადად ოპერატორი კომპანიები მუშაობენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) მოწვევით თბილისში 3 დღიანი ვიზიტით საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს ექსპერტები იმყოფებიან, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობენ.

აეროპორტების გაერთიანებამ დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც IATA-მ გაიმარჯვა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაზე ძირითად გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც მომდევნო წლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებასთანაა დაკავშირებული.

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ის პროექტია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წარმატების ისტორია უკვე დაწერა. ეს არის აეროპორტი საიდანაც, საქართველოდან ევროპაში ყველაზე მეტი პირდაპირი ფრენა ხორციელდება და ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია მომავალ წლებშიც წარმატებით ვფოკუსირდეთ ამ მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვანი პროექტია როგორც არამხოლოდ ტურიზმის გენერირების მიმართულებით, არამედ რეგიონში ეკონომიკური მდგენელიც.  შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა აეროპორტის მასტერპლანის არსებობა. უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო დოკუმენტის, რომელიც მსოფლიოში ყველა აეროპორტს უნდა გააჩნდეს და მასზე ძირითადად ოპერატორი კომპანიები მუშაობენ,-" განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.

6 თვის განმავლობაში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტები ქუთაისის აეროპორტის განვითარების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებენ, რაც გულისხმობს აეროპორტის მასტერპლანის მომზადებას მომდევნო 5, 10 და 20-წლიან პერსპექტივაში. საქართველოში ვიზიტად მყოფი IATA-ს ექსპერტები აეროპორტების გაერთიანების შემდეგ ქუთაისის აეროპორტის განვითარებაში ჩართულ ყველა უწყებასთან გამართავენ შეხვედრებს. ასევე მოინახულებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალსა და სააეროდრომო ნაწილს და არსებულ პოტენციალსა და შესაძლებლობებს ადგილზე შეისწავლიან.

 

 

ირაკლი ქარქაშაძე: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და რეგიონში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია
airfood

უთაისის საერთაშორისო აეროპორტში კვების ახალი კონცეპტუალური სივრცე - AIR FOOD გაიხსნა. AIR FOOD პირველი ადგილობრივი ბიზნესია, რომელმა დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირება დაიწყო. ქუთაისის აეროპორტში AIR FOOD-ის კონცეპტუალურ სივრცეში ამ ეტაპზე, 15 ადამიანია დასაქმებული. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, AIR FOOD-თან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ადგილობრივი მეწარმეების წახალისება, მათი მხარდაჭერა და ცნობადობის გაზრდაა.

,, ჩვენს აეროპორტს საკმაოდ ორიგინალური, ავიაციაზე ორიენტირებული და  სრულიად განსხვავებული კონცეფციის მქონე კვების ობიექტი შეემატა. კიდევ უფრო მეტად გვახარებს, ის ფაქტი, რომ ახალი, კონცეპტუალური კვების ობიექტი ადგილობრივია. კონცეფცია 3 მიმართულებას აერთიანებს და რაც მთავარია, არის ქართული, ადგილობრივი ბრენდი და ასევე, ადგილობრივი მეწარმეების და მცირე მარნების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ჩვენ ხელს ვუწყობთ აეროპორტში ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და რაც მთავარია, ვაგრძელებთ ვიყოთ რეგიონის ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი,-‘’ამბობს ირაკლი ქარქაშაძე.

კვების ახალ კონცეპტუალურ სივრცეს სხვა ობიექტებისგან გამოარჩევს მისი ვიზუალური მხარე, რომელიც ავიაციასთან დაკავშირებული დეტალებითაა შეფუთული და შესაბამის პირველად შთაბეჭდილებას ახდენს აეროპორტის მგზავრებზე.

,, ჩვენს აეროპორტს საშუალოდ ყოველდღიურად, 4500 მგზავრი სტუმრობს. წლის ბოლომდე კი მილიონ 7000 მდე მგზავრი გვეყოლება. ეს რიცხვი მომავალი წლიდან კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები გვემატება. ინტერესი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართ მზარდია და შესაბამისად აუცილებელია, რომ  ინფრასტრუქტურა და სერვისი იყოს მაღალი სტანდარტის, რასაც ჩვენ პარტნიორებთან ერთად აეროპორტის მგზავრებს შევთავაზებთ,-‘’აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი.

AIR FOOD ერთ კონცეპტუალურ სივრცეში აეროპორტის მგზავრებს 3 ტიპის მომსახურებას სთავაზობს: ბარის ტიპის მომსახურებას, სადაც წარმოდგენილია კოქტეილები, ადგილობრივი წარმოების პრემიუმ ხაზის ალკოჰოლური სასმელები, სწრაფი კვების ობიექტს, სადაც იყიდება Food box- ები ე.წ. take away მომსახურებით და შესაძლებელია მგზავრმა გაფრენისას თან წაიღოს, ასევე AIR FOOD-ის მომხმარებელს საშუალება აქვს სხვადასხვა ტიპის სენდვიჩები, ჰოთ დოგები და გამომცხვარი პროდუქტების ნაირსახეობა დააგემოვნოს.

 

 

 

 

 

 

 

 

თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინის შესახებ კონკურსი გამოცხადდა

თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფტ-დიზაინის და პროექტირების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იწვევს ყველა დაინტერესებულ კონკურსანტს, რომელსაც პროექტირების სფეროში სულ მცირე ბოლო 3-წლიანი გამოცდილება აქვს. ასევე, მსგავსი მომსახურების გამოცდილება გააჩნია. კონკურსანტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს 4500მ2-ზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილებაც.

ღია ელექტრონულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც ქართულ ისე უცხოურ კომპანიებს.

საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსანტს  უნდა  ჰყავდეს  თანამშრომელი,  რომელსაც  გააჩნია  არქიტექტორად  მუშაობის  10  წლიანი გამოცდილება და დაპროექტებული ექნება მინიმუმ ერთ მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობა.

მოსამზადებელი პროექტი მოიცავს აეროპორტის კონცეპტუალურ და სქემატურ დიზაინს. მომწოდებელმა უნდა მოამზადოს შენობის და მიმდებარე ტერიტორიის გეგმარების კონცეპტუალური პროექტი, რაც გულისხმობს სხვადასხვა კომპონენტების მომზადებას.

მათ შორის: შენობების ექსტერიერის დიზაინს მინიმუმ სამი ხედით, შენობების სქემატური შიდა სივრცით დაგეგმარებას; შენობების ინტერიერის სქემატურ დიზაინს;  შენობების ინტერიერის, ექსტერიერის, ლანდშაფტის რენდერებს და ა.შ.

კონკურსის დეტალური პირობების, Ⴑაუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი ხარისხის შეფასების კრიტერიუმების ხილვა ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯარო და ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე.

წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 28 დეკემბერი.