ირაკლი ქარქაშაძე: საქართველო სწრაფად მზარდი საავიაციო ბაზარია და გვაქვს ამბიცია, რომ ამ მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახვდეთ
ირაკლი ქარქაშაძე: საქართველო სწრაფად მზარდი საავიაციო ბაზარია და გვაქვს ამბიცია, რომ ამ მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახვდეთ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ჩრდილოეთ ამერიკისა და ცენტრალური ევროპის აეროპორტების თემატიკისადმი მიძღვნილ რიგით 28-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი ქარქაშაძემ, რომელიც კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო, რეგიონალური აეროპორტების განვითარებაზე, აეროდრომებისა და საჰაერო სივრცის უსაფრთხოდ მართვაზე ისაუბრა. ასევე, ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს აეროპორტებში ბოლო პერიოდში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სიახლეები გააცნო.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოვებისა და თბილისის ახალი აეროპორტის შესახებ ისაუბრა, რომლის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება 2029 წელს იგეგმება. ,,საქართველო სწრაფად მზარდი საავიაციო ბაზარია და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ამ მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გავხდეთ. ჩვენს აეროპორტებში თითქმის ყველა წამყვანი ევროპული ავიაკომპანიაა წარმოდგენილი, რომელთა საშუალებითაც, ჩვენ წლის ბოლომდე აეროპორტებში რეკორდულ რაოდენობას - 7 მლნ-მდე მგზავრს ველოდებით. ჩვენი გეგმაა, რომ თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი სამომავლოდ, გახდეს რეგიონალური საავიაციო ჰაბი და იყოს კონკურენტრუნტუნარიანი ტრანზიტული მგზავრების მიმართულებითაც.
ბოლო წლებში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია აეროპორტების უსაფრთხოების კუთხით და რეგიონში დღეს ჩვენ საავიაციო უშიშროების მიმართულებით ლიდერები ვართ და ეს ICAO-ს აუდიტმაც აღიარა. რაც ნიშნავს, რომ საქართველოს აეროპორტებში ამ მიმართულებით გატარებული ჩვენი პოლიტიკა - სწორია. მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ქვეყნის სიდიდით მეორე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების კუთხითაც. სადაც დავიწყეთ ახალი, 3, 5-კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა. რაც საშუალებას მოგვცემს დიდი ზომის საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მივიღოთ და მოვემსახუროთ. განვითარებისთვის და გაფართოვებისთვის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენს აეროპორტებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე კოლაბორაცია უფრო მსხვილ საერთაშორისო აეროპორტებთან და სიახლეებისა და ახალი იდეების გაცვლა ამ მიმართულებით,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ათენში გამართულ სამდღიან კონფერენციაში შეერთებული შტატებიდან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აეროპორტების ხელმძღვანელები და ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ. ყოველწლიური კონფერენცია ათენის საერთაშორისო აეროპორტის მიერ იყო ორგანიზებული. ირაკლი ქარქაშაძემ მონაწილეობა კონფერენციის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაშიც მიიღო.