საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება Air China-მ დაიწყო
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air China-მ დაიწყო. ავიაკომპანიამ, გვიან ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი რეისი ურუმჩიდან BOENG 737-800-ით შეასრულა, რომელსაც 98 მგზავრი ჩამოჰყვა. ხოლო თბილისიდან ჩინეთის მიმართულებით 121 მგზავრი გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრებისთვის და ავიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის, TAV Georgia-ს ორგანიზებით, დახვედრა გაიმართა.
ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Air China-სთან, ოპერირების დაწყების მიზნით აქტიური მოლაპარაკებები საავიაციო ფორუმ Routes Asia-2024-ის ფარგლებში გამართა. აეროპორტების გაერთიანება Air China-თან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყოს.
,,საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება დაიწყო, ერთ-ერთმა უმსხვილესმა ჩინურმა ავიაკომპანია AIR China-მ, რომელმაც პირველი ფრენა ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით განახორციელა. ამ ეტაპზე, ფრენები ურუმჩისა და თბილისს შორის კვირაში სამი სიხშირით შესრულდება, ხოლო მოთხოვნის მატების გათვალისწინებით, ავიაკომპანია მზადაა გაზარდოს ოპერირების სიხშირე. ავიაკომპანია ასევე, განიხილავს ჩინეთსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასაც. Air China, ავიაკომპანია China Southern-ის შემდეგ, მეორე ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებს,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების კომერციული დეპარტამენტის უფროსმა ვაკო ჭილაშვილმა.
2024 წლის იანვარ-სექტემბრის ჩათვლით, ჩინეთიდან პირდაპირი გზით შემოსული ტურისტების რაოდენობამ 66,485 მგზავრი შეადგინა. Air China არის მეორე ჩინური ავიაკომპანია, რომელიც China Southern Airlines-ის შემდეგ საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვიდა. 69 წლის წინ დაარსებული AIR CHINA ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა. ის Star Alliance-ის წევრია და პირდაპირ ფრენებს მსოფლიოს 183 ქვეყანაში ახორციელებს.